მეუფე ანანია

მიტროპოლიტი ანანია

მეუფე ანანია ჯაფარიძემ ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ (15.03.1981) აამოქმედა და აკურთხა იქამდე გაუქმებული მრავალი ეკლესია და მონასტერი ნიკორწმიდის, ახალციხე-სამცხე-ჯავახეთის, მანგლის-წალკისა და მანგლის-თეთრიწყაროს ეპარქიებში. მათ შორის ვარძიის, საფარას, ზარზმის, კიმოთესუბნის, გუდარეხის, ფიტარეთისა და სხვა მონასტრები, უდეს, ვალეს, ხვილიშას, კოთელიას, სადგერის, ახალდაბის, ბორჯომის, აბასთუმნის, ივლიტას, ალგეთის, კოდას, მარაბდის, წინწყაროს, თეთრიწყაროს წმ.გიორგის, ირაგას, ჭივჭავის, ჯორჯიაშვილისა და სხვა ეკლესიები, მათთვის აკურთხა სასულიერო პირები და ამით ფაქტიურად დააფუძნა აღნიშნული ეპარქიები. ამჟამად, 2019 წლისათვის, მეუფე ანანია არის საქართველოს საპატრიარქოს მანგლის-თეთრიწყაროს ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტის წოდებით. ამასთანავე ის არის თბილისში სამი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი, ხელმძღვანელობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტს, საპატრიარქოს ანდრია პირვლწოდებულის უნივერსიტეტში ობიექტური ისტორიის შემსწავლელ ცენტრს, და ლექციებს კითხულობს თბილისის სასულიერო აკადემიაში, ამასთანავე ის ხელმძღვანელობს საპატრიარქოს რეალური ისტორიის დამდგენ მუდმივმოქმედ კომისიას.

უწმიდეს პატრიარქ ილია მეორეს არ დარჩა შეუმჩნეველი მეუფე ანანიას სიყვარული სამშობლოს ისტორიისა და სამეცნიერო მუშაობისადმი და 1982 წელს დაავალა ჩართულიყო იმ დიდ პროცესში, რომელსაც ის თვითონ, ვითარცა საქართველოს პატრიარქი, ეწეოდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებისთვის. კერძოდ კი პატრიარქმა მეუფე ანანიას დაავალა ემუშავა და თემები მოემზადებინა საქართველოს ეკლესიის დიპტიხისა და უძველესი ავტოკეფალიის შესახებ. პატრიარქმა პირადად მიაწოდა მეუფე ანანიას იმჟამად იშვიათი სამეცნიერო ლიტერატურა, მათ შორის ამ თემებზე ბოლო ნაშრომები უცხოელი საეკლესიო მოღვაწეებისა (ბერძენი მიტროპოლიტ მაქსიმე სარდელის „საქართველო ეკლესია და მისი ავტოკეფალია“, კარტაშევის „მსოფლიო საეკლესიო კრებები“ (პარიზი, 1963) და სხვა).მეუფე ანანიამ შეასრულა ეს დავალება და შემდეგ თავისი ეს ნაშრომები საფუძვლად დაუდო მრავალტომიან მონოგრაფიას „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“. ეს ტომეულები, რომელნიც გამოიცა საქართველოში სამოქალაქო საყოველთაო აშლილობის 1990-იან წლებში, ერთგვარი შვება იყო ნიჰილიზმით სულიერად დაკნინებული ხალხისათვის. კომუნისტურმა ექსპერიმენტებმა ხალხი სულიერი კრიზისის კარამდე მიიყვანა ათეიზმის ბატონობის 1921-1990 წლებში (როგორც წინასწარმეტყველებდნენ ჩვენი კათალიკოსები ბოლშევიკების გამარჯვებისას).

ხალხის დანაწევრებისა და ეროვნული ცნობიერების მოშლის უმთავრესი კომუნისტური ხერხი იყო ისტორიის გაყალბება. „გაუყალბე ადამიანებს ისტორია და ერთი თაობის შემდეგ მათგან მივიღებთ ბრბოს, ხოლო კიდევ ერთი თაობის შემდეგ მათი მანიპულირება ნახირის მართვაზე მარტივი გახდება”, ეს სიტყვები იოზეფ გებელსმა წარმოთქვა რუსეთის იმპერიის მართვის სქემების გაშიფრვისას. მან გამოიკვლია, რომ რუსმა იმპერიალისტებმა სხვადასხვა დამორჩილებულ ხალხებს თავდაპირველად ისტორია გაუყალბეს, საწყალ და უსუსურ ჯგუფებად წარმოაჩინეს, რომლის გადარჩენა მხოლოდ რუსეთს შეეძლო, შემდეგ კი საკუთარი წარსულის მიმართ ნიჰილისტურად ქცეული ბრბო იმპერიის ელემენტად აქციეს. საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორიის გაყალბებათა გასანეტრალებლად და რეალური ისტორიის წარმოსაჩენად დაწერა მეუფე ანანიამ მრავალი წერილი, გამოკვლევა და წიგნი, რომელთაც ვთავაზობთ მკითხველს ამ საიტზე, იხ. აგრეთვე - meufeanania.info